ვერცხლისმოყვარეობაზე (ანგარებაზე)
არცერთი ვნება ისე საძულველი არაა, როგორც ამპარტავნება და
არცერთი არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც ვერცხლისმოყვარეობა.
წმ. პეტრე დამასკელი
ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი
მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან
წაიღებს აღსასრულისას.
ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი -
ვერცხლისმოყვარეობა. პირველი - ადმიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი - ცხოველებთან
აახლოებს.
ვერცხლისმოყვარე ღმრთისაგან განდგომილია, რადგან ვერცხლისმოყვარეობა
კერპთაყვანისმცემლობაა.
მღვდელი ნ. სოკოლოვი
ოქროზე ფიქრით და ზრუნვით დაკავებულ ადამიანს არ შეუძლია
ისწრაფოს ცისკენ და სურდეს მარადიული, უხრწნელი საუნჯე. მისი გული ისეა ჩაკეტილი
სიმდიდრეში, როგორც ლოკოკინა - თავის ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც
შესაძლებლობა, მოცილდეს მას. შეუძლებელია ერთად გიყვარდეს ვერცხლიც (ფული - მ.ბ.)
და სულიც.
წმ. იოანე ოქროპირი
შეძენის სურვილი მშობლებში ხშირად ბუნების ხმას ახშობს,
ძმებში ჩხუბს იწვევს, უდაბნოებს მკვლელებით ავსებს, ზღვებს - მეკობრეებით, ქალაქებს
კი - ცილისმწამებლებით.
წმ. ბასილი დიდი
ლითონის ჩხრიალი ვერცხლისმოყვარის სმენას იმდენად იპყრობს,
რომ ამის გამო მისი ყური უფლის სიტყვას ვეღარ ისმენს.
წმ. იოანე ოქროპირი
ისმინეთ ყოველთა ვერცხლისმოყუარეთა, რომელნი შეპყრობილ ხართ სენითა იუდაისითა.
ისმინეთ და განეკრძალენით ბოროტისა ამის ვნებისაგან. უკუეთუ იგი ქრისტეს თანა იყო
და ესოდენი სწავლნი მის მიერ ასმიოდეს და მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ მიეღო, და
ამას ყოველსა ზედა, ვინაითგან არა ეკრძალა ვნებისა მისგან, ესევითარსა მთხრებლსა
შთავარდა, რაიმე ვყოთ ჩუენ, უმეცართა მათ, რომელნი მარადის ამის საწუთროისადა
შემსჭუალულ ვართ?
წმ. იოანე ოქროპირი
შეუძლებელია ვერცხლი და სული (ღვთისა) ერთდროულად გიყვარდეს.
წმ. იოანე ოქროპირი
ჯოჯოხეთი არ იტყვის „კმარა" (იგავნი 30, 16) და მომხვეჭელი არ აღიარებს:
„საკმარისია".
წმ. ბასილი დიდი
ვერცხლისმოყვარესათვის სიმდიდრე იგივეა, რაც შეშლილისთვის - მახვილი.
წმ. იოანე ოქროპირი
ყველა ცოდვა ადამიანთან ერთად ბერდება, მხოლოდ მომხვეჭელობა დღითიდღე
ახალგაზრდავდება.
წმ. ამბროსი მედიოლანელი
მაცხოვრის მცნება მოუხვეჭელობის შესახებ: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა
ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და
განიპარიან" (მათე 6, 19) არა მხოლოდ მდიდრებს შეეხება, არამედ ღარიბებსაც, რადგან
ღარიბ-ღატაკიც შეიძლება თავის ერთადერთა მანეთიანთან ისე იყოს მიჯაჭვული, როგორც
მდიდარი - ათას მანეთთან.
დეკანოზი პავლე სოკოლოვი
გამდიდრება გსურს? ღმერთს დაუმეგობრდი და მდიდართა შორის უმდიდრესი იქნები.
წმ. იოანე ოქროპირი
ვერცხლისმოყვარეობა რაც მეტს პოულობს, მეტს ეძებს.
თუკი შენ იესოს მორჩილებას შეწყვეტ და უსამართლოდ შეკრებას დაიწყებ, იუდასაებრ
დაგემართება, რომელმაც არათუ შეიკრიბა რამე, არამედ სული და ხორცი წარიწყმიდა.
მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი
ვინც მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს, მუდამ დარდიანი და შეწუხებულია, ან ქონებას
დაკანკალებს, არავინ წამართვასო, ან სული არ წამართვანო. ასეა ძუნწი კაცი, რომელსაც
სტკივა მაგრამ მოკუმშული ხელი; მან თავისი გულიც მოკუმშა და ქვად აქცია. იმისთვის,
რომ განიკურნოს, მას ტანჯული ადამიანი უნდა შეხვდეს და შინაგანად შეძრას, მაშინ
იძულებული გახდება, თავისი მოკუმშული ხელი ნელ-ნელა გაშალოს, ქვადქცეული გულიც
მოლბება და ადამიანის გულად იქცევა, და მისთვისაც გაიხსნება სამოთხის კარი.
ბერი პაისი ათონელი