ამპარტავნება ყოველგვარი ცოდვის თავია,
უმადურება - უკურნავი სენი და ჭირი.
სასოწარკვეთა თვითმკვლელობის დასაბამია,
ანგარება კი ბოროტების ფესვი და ძირი.
სიძვა და შური სათნოების შემმუსვრელია,
ნაყროვანება სალმობაა სათრგუნვად ძნელი.
მრისხანება კი ულმობელი კაცისმკვლელია,
ყველა მათგანი გენია და ჯურღმული ბნელი.
ამპარტავნების წამალია მხოლოდ სიმდაბლე,
ბილწი სიძვისა - სიწმინდე და უმანკოება.
მრისხანებისა - შეწყნარება, სულის სიმშვიდე -
სასოწარკვეთის - ყოვლადწმინდა ღვთის სასოება.
გულმოწყალებით ანგარება განიკურნება,
შურიანობის მალამო კი სიყვარულია.
მარხვით ეძლევათ ნაყროვანებს სულის კურნება,
ყველა წამალი, ცხონება და სიხარულია.