ივერიელთა მადლიანი ენა ღვთიური,
უზენაესი საუნჯეა ამქვეყნიური.
იგი ფსალმუნთა კრებულია ნაქსოვი ლექსად,
სერაფიმებიც ამ ენაზე გალობენ ზეცად.
ოდეს ბაბილონს მოისურვეს ენახათ ზენა,
ღმერთმა დასაჯა უგუნურნი, აღრია ენა.
უმადურთ შორის არ ყოფილა მხოლოდ ივერი,
სამაგიეროდ დაგვრჩა ენა უფლისმიერი.
დღეს ბევრნი ძვირად ახსენებენ უძველეს ქართულს,
კურთხეულ ენას, უაღრესად ტკბილსა და ზღაპრულს.
ღვთის საგალობელს აყრუებენ უცხო ფრაზებით
და ერის დედას გვიმოსავენ შავი ძაძებით.
ქართველნო! უფალს მიაპყარით გონი და თვალი,
უმადურებით არ დატოვოთ იუდას კვალი.
ნუ ჰყვედრით გამჩენს, იამაყეთ მშობლიურ ენით,
სამსჯავროზეც კი ამ ენაზე განკითხვა გელით.
ივერიელთა მადლიანი ენა ღვთიური,
უზესთაესი საუნჯეა ამქვეყნიური.
მარად ქალწულის წილხვედრია, რჩეული ქვეყნად,
ქერუბიმებიც ამ ენაზე გალობენ ზეცად.