ამ უდიდეს ეროვნულ საქმეს, პატრიარქის თაოსნობითა და ლოცვა-კურთხევით, ბატონი პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში. გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიოში სახელგანთქმულ საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან.
- 1989 წლის ოქტომბერში ივერიის ღვთისმშობლის ხატის საგანგებოდ შესრულებული ასლის საქართველოში ჩამობრძანებას ორი წლის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა მოჰყვა. დღეს, როცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ერს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისკენ მოუწოდა, ქართველთა ერთიანობა, გაერთიანება უმთავრეს მიზნად დასახა.
- ერთიანობა მართლაც აუცილებელია, ვემზადებით როგორც სულიერად, ისე საქმით. მსოფლიოში არ არსებობს ანალოგი პროექტისა, როცა არა რომელიმე ბიზნესმენი ან ორგანიზაცია, არამედ ხალხი, თავისი კეთილი ნებით და, რაც მთავარია, თანაბარი მონაწილეობით, 1 ლარის შეწირვით ააშენებს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს. ვხედავთ, რომ ღვთის შეწევნით, ამ იდეის გარშემო სრულიად საქართველო ერთიანდება.
- მოულოდნელი ხომ არ იყო, რომ პატრიარქმა სწორედ თქვენ მოგცათ ლოცვა-კურთხევა, უხელმძღვანელოთ ტაძრის მშენებლობას?
- მოულოდნელი მართლაც იყო, თუმცა, როცა პატრიარქი ლოცვა-კურთხევას გაძლევს, შემიძლია-არშემიძლია არ არსებობს. ეს ჩემთვის მართლაც დიდი პატივია - დაარსდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა", რომელიც სათავეში ჩაუდგება აღნიშნულ პროექტს.
საქართველოს პატრიარქმა მოიწონა ჩვენი ინიციატივა მშენებლობის დაფინანსების უნიკალური სქემის შესახებ და კურთხევა მოგვცა ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, წოდებისა, პოლიტიკური თვალსაზრისისა, განათლებისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, თანაბარი წვლილი შევიტანოთ ამ მშენებლობაში, როგორც პატრიარქმა ბრძანა, "სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ, ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტის შექმნაში"...
- მახათას მთაზე, ტაძრის გარდა, იგეგმება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის, საგანმანათლებლო კომპლექსის, ნარკომანთა სარეაბილიტაციო ცენტრის ამოქმედება...
- თვითონ ამ მოზარდებისთვის იქნება უკეთესი, თუ ისინი სულიერებასთან, ეკლესიასთან უფრო ახლოს იქნებიან. ვფიქრობ, ნარკომანისთვისაც დიდი ხსნა იქნება, თუ სიწმინდესთან ახლოს შეებრძოლება ამ საშინელ სენს. თუ გულწრფელები ვიქნებით, ეს პრობლემა თითოეულ ჩვენგანს, ოჯახში თუ არა, სანათესაოში მაინც აქვს.
- მახათას პროექტის ოფიციალური წარდგენა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქველმოქმედო მარათონზე შედგა... ამ გრანდიოზული საღამოს შესახებ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა დღემდე არ წყდება.
- ვიცოდი, რომ იმ დღეს მართლაც საოცარი რამ მოხდებოდა, მაგრამ შედეგმა, ჩვენი ხალხის, მაყურებლის აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამოჩნდა, რომ მზად ვართ გასაერთიანებლად და უფლის ტაძრის ასაგებად. მარათონი უპრეცედენტო იყო, მით უმეტეს, ასეთი პატარა ქვეყნისთვის - 248 ათასი ზარი შემოვიდა. საერთო შემოწირულობამ კი 380 ათასი ლარი შეადგინა.
- უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც პატრიარქი ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად მოუწოდებს სამშობლოში დაბრუნებისკენ, თუ მონაწილეობენ ამ პროექტში?
- ისინი გამორჩეულად მონდომებული და აქტიურები არიან. საბერძნეთში ყოფნისას, სადაც ივერონის მონასტრის ღვთისმშობლის ხატი მოვილოცეთ, ქალაქ სალონიკში ჩვენთან ქართველი ქალბატონი მობრძანდა, მეუფე დანიელს და მე გვითხრა, რომ ემიგრანტებს პროექტში უფრო აქტიურად სურთ მონაწილეობა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მართლაც ძალიან ენატრებათ სამშობლო.
მომავალი წლის გაზაფხულზე, 8 მაისს, ათენში ჩავატარებთ დიდ კონცერტ-მარათონს, რომელსაც, ვფიქრობთ, 20-25 ათასი ადამიანი დაესწრება და რადგან იქ მხოლოდ 3000-კაციანი დარბაზია, მოედანზე დიდ ეკრანს დავდგამთ. კონცერტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრება. გვინდა ჩართვებში მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა.
- თქვენი მისამართით კრიტიკაც გაისმა, ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია "რეკეტი უფლის სახელით"...
- მათ თვითონ ხალხმა გასცა პასუხი.
- ხალხის აქტიურობა იმითაც არის განპირობებული, რომ პროექტს თქვენ უდგახართ სათავეში, სხვადასხვა შეხედულების, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისის მქონე ადამიანები უფრო ერთიანები არიან...
- ფონდი "იავნანა" პოლიტიკაში არასოდეს ჩარეულა და არც ჩაერევა. იმიტომ კი არა, რომ ან ერთი, ან მეორე მხარის აზრი არ მაინტერესებს. როგორ ყველას, რაღაც მომწონს, რაღაც - არა, მაგრამ ჩემთვის მთავარია პროექტში ყველას თანაბრად მონაწილეობის საშუალება მივცეთ. ამაში მაინც გავერთიანდეთ.
და კიდევ - ჩვენთან ერთად, გარდაცვლილ წინაპრებსაც ეძლევა აქციაში მონაწილეობის საშუალება. ღვთისმშობლის სავანე ზეციური და ამქვეყნიური საქართველოს ერთიანობითა და თანაბარი შემოწირულობით აშენდება. ასევე შესაძლებელია, თანხის გაღება იმ ადამიანების სახელითაც, ვინც მატერიალური შეჭირვების გამო აქციაში ვერ მონაწილეობს. ამიტომ მოვუწოდებ სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამემამულეებს, ვისაც შესაძლებლობა არა გაქვთ, დარეკეთ ჩვენს საინფორმაციო ნომერზე: 140484, ჩააწერინეთ თქვენი გვარ-სახელი და აუცილებლად მოგიხსენიებენ ტაძრის ამშენებელთა წიგნში.
- თქვენ ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში იყავით, სადაც ქართული საგალობლების თანხლებით წირვა ქართულად აღევლინა. როგორ დაგხვდნენ ბერძენი მღვდელმთავრები? ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი აგრესიულები იყვნენ...
- ჩვენი ჩასვლისას ასეთი რამ არ ყოფილა, პირიქით, ისე დაგვხვდნენ, როგორც ძმებს; ისინი 12 მაისს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკვლის გაჭრაზე მოვიწვიეთ. იმის უფლებაც კი მოგვცეს, რომ იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულზე ქართულად გველოცა და გვეგალობა, როცა იმ ეკლესიაში, სადაც ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, წირვის ჩატარების უფლება არავის აქვს.
- ჩვენთვის ცნობილია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა ათონის მთაზე
- ამის შესახებ მეუფე პეტრემ გვიამბო, ამ სასწაულმოქმედი ხატის წინაშე ლოცვა მართლაც უდიდესი მადლი და ბედნიერებაა. ეს აქცია ამით არის მნიშვნელოვანი, ყველა ჩვენგანი ერთი იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, აქ მთავარი გაღებული თანხა კი არა, სწორედ ჩვენი ერთიანობის სურვილია, იმ ადამიანებისა, ვისაც გვჯერა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნაა და თუ ჩვენ ზნეობრივად ვიცხოვრებთ, ჩვენი ქვეყანა მართლაც გაბრწყინდება.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” (გამოდის ხუთშაბათობით)