†მართლმადიდებლური საიტი† - მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. (იოანე 14:6 )
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. (იოანე 14:6 )


ეკლესია გვაძლევს არა სისტემას, არამედ გასაღებს; არა ღვთის ქალაქის გეგმას, არამედ მასში შესვლის საშუალებას. შეიძლება ვინმეს ქალაქის გეგმის უქონლობის გამო გზა აებნეს, მაგრამ ის ყველაფერს შუამავლის გარეშე, უშუალოდ დაინახავს და ნანახი მისთვის სინამდვილე იქნება. ვისაც მხოლოდ ქალაქის გეგმა აქვს შესწავლილი, შეიძლება გარეთ დარჩეს და ვერაფერი იპოვოს.

(პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი)

მეოთხე საუკუნეში ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ერთ-ერთი ცნობილი მამა სერაპიონ სინდონელი ერთხელ რომს გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად, სადაც უამბეს ერთი განდეგილი ქალის შესახებ, რომელიც პატარა სენაკში ცხოვრობდა და იქიდან არასოდეს გამოდიოდა. მამა სერაპიონი, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი ცხოვრების ასეთი წესის მიმართ, რადგან თვითონ ბევრს მოგზაურობდა, ეწვია განდეგილს და ჰკითხა: ,,რატომ ზიხარ აქ?” რაზეც უპასუხა: ,,მე არ ვზივარ, მე ვმოგზაურობ”.

,,მე არ ვზივარ, მე ვმოგზაურობ” - ყველა ქრისტიანს შეუძლია თავის თავზე მიიღოს ეს სიტყვები, რადგან იყო ქრისტიანი, ნიშნავს იყო მოგზაური. ბერძენი მამების თქმით, ჩვენი მდგომარეობა ჰგავს ისრაელიანთა მდგომარეობას სინას უდაბნოში: ჩვენ ვცხოვრობთ კარვებში და არა სახლებში, რადგან სულიერად გამუდმებით მოძრაობაში ვართ. გადავადგილდებით ჩვენი გულების შინაგანი სივრცის მეშვეობით და ასეთი მოგზაურობის დრო არ იზომება საათებითა და კალენდარული დღეებით, რადგან ეს არის გზა ჟამთასვლიდან მარადიულობაში.

ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი სახელი მარტივად ,,გზაა”. ,,იმ დროის შესახებ” მოციქულთა საქმეებში ნათქვამია: ,,იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთვის” (19:23): ფელიქსს, კესარიის რომაელ მმართველს ზედმიწევნითი ცოდნა ჰქონდა ,,გზისა მისთვის” (24:22). ეს არის სახელი, რომელიც ხაზს უსვამს ქრისტიანული რწმენის პრაქტიკულ ხასიათს. ქრისტიანობა უფრო მეტია, ვიდრე თეორია, მეტია, ვიდრე ქაღალდზე გადმოტანილი სწავლება, ეს არის გზა, რომელზეც მივდივართ და, ყველაზე ღრმა და ფართო გაგებით, ეს არის ცხოვრების გზა.

ქრისტიანობის ჭეშმარიტი ბუნების აღმოსაჩენად ერთადერთი საშუალება არსებობს - უნდა მივყვეთ ამ ბილიკს. როდესაც საკუთარ თავს ცხოვრების ამ გზას მივუძღვნით, მხოლოდ მაშინ დავიწყებთ ჩვენით ხედვას, მანამდე კი, კარგად არ გვესმის, თუ რა არის ქრისტიანობა. რა თქმა უნდა, სანამ ამ გზას შევუდგებით, გვჭირდება მიმართულების მაჩვენებელი და თანამგზავრიც. მართლაც, სხვათა წინამძღოლობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია ასეთი მოგზაურობის დაწყება, მაგრამ სხვის მიერ ნაჩვენები მიმართულებით ვერასოდეს გავიგებთ, როგორია ეს გზა სინამდვილეში; ის ვერ შეცვლის უშუალო, პირად გამოცდილებას. ყოველი ადამიანი მოწოდებულია თვითონ, უშუალოდ ნახოს ის, რაც ასწავლეს, თითოეულს მოეთხოვება იცხოვროს იმ ტრადიციით, რაც მიიღო. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი (დროზდოვი) ამბობს, რომ ,,მრწამსი არ გეკუთვნის მანამ, სანამ მისით არ იცხოვრებ”. ამ ყოვლადმნიშვნელოვან გზაზე ვერავინ იმოგზაურებს სავარძლით და ვერავინ იქნება მეორეული ქრისტიანი. ღმერთს ჰყავს შვილები, მაგრამ არ ჰყავს შვილიშვილები.

როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა გამოცდილების საჭიროებას. მეოცე საუკუნის დასავლეთში მართლმადიდებელი ეკლესია ბევრისათვის ღირსშესანიშნავია ძირითადად იმ ძველი და კონსერვარტული ატმოსფეროს გამო, რომელიც მასში სუფევს. ჩვენი დასავლელი ძმები მართლმადიდებლობას აღიქვამენ, როგორც ,,თავიანთ წარსულს”. თუმცა თვითონ მართლმადიდებლებისათვის ტრადიციებისადმი ერთგულება უპირველესად ნიშნავს არა წესებისა და ტრადიციებისა წინა თაობებისაგან მიღებას, არამედ სულიწმიდის მოქმედების მარად ახალ, პიროვნულ და უშუალო განცდას აწმყოში, აქ და ახლა.

მართლმადიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში მართლაც ,,ძველი ხეა”, რომელსაც წლოვანების გარდა აქვს სიცოცხლისუნარიანობა. მასში ყველაზე მნიშვნელოვანია ,,მუდმივი აღდგომა” და არა მხოლოდ სიძველე. ქრისტეს არ უთქვამს: ,,მე ვარ ტრადიცია”; მან თქვა: ,,მე ვარ ცხოვრება”.

19.05.2024 07:54 |  | დაამატა: likapkhakadze  | მოინახულეს: 1245-ჯერ

 

კომენტარები ↓