†მართლმადიდებლური საიტი† - არსი და ენერგიები
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


არსი და ენერგიები


ღმერთის ჩვენთან ურთიერთობის ორი პოლუსის - უცნობისა და მაინც კარგად ნაცნობის, დაფარულისა და მაინც განცხადებულის-აღსანიშნავად მართლმადიდებლური ტრადიცია ასხვავებს, ერთი მხრივ, ღვთის არსსა და ბუნებას, ანუ მის შინაგან არსებას და, მეორე მხრივ, მის ენერგიებსა და მოქმედებას, ანუ მისი ძალის მოქმედებას.

,,თავისი არსით ის ყველაფრის გარეთაა”, - წერს წმინდა ათანასე,- ,,მაგრამ თავისი ძალის მოქმედებით ის ყველაფერშია”. ,,ჩვენ ვიცით მისი არსი მისი ენერგიის საშუალებით,” - ადასტურებს წმინდა ბასილი,”- ,,არავის არასოდეს უნახავს ღვთის არსი, მაგრამ გვწამს რომ ის არსებობს, რადგან განგვიცდია მისი ენერგიის გამოვლინება”. ღვთის არსში იგულისხმება მისი მყოფობა ჩვენი გაგების მიღმა, მის ენერგიებში კი - მისი ჩვენთან ახლოს მყოფობა. რადგან ღმერთი საიდუმლოა, რომელიც ჩვენი გაგების მიღმაა, ვერასოდეს შევიცნობთ მის შინაგან არსებას, არც ამ ცხოვრებაში და არც მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში. თუ შევძლებდით ღვთიური არსის შემეცნებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევე გვეცოდინებოდა ღმერთი, როგორც მან იცის საკუთარი თავი; ამას კი ვერასოდეს შევძლებთ, რადგან ის შემოქმედია, ჩვენ კი - ქმნილებები. ღვთის შინაგანი არსი სამუდამოდ ჩვენი წვდომის მიღმაა, მაგრამ მისი ენერგიები, მადლი, სიცოცხლე და ძალა მთელ სამყაროს აღავსებს და უშუალოდ მისაწვდომია ჩვენთვის.

ასე რომ არსი აღნიშნავს ღვთის უკიდურეს ტრანსცენდენტულობას; ენერგიები კი - მის იმანენტურობასა და ყველგანმყოფობას. როდესაც მართლმადიდებლები საღვთო ენერგიებზე საუბრობენ, ღვთისაგან ემანაციას არ გულისხმობენ, არც რაღაც ,,შუალედურს” ღმერთსა და ადამიანს შორის ან ,,რაღაც ნივთიერს”, ,,საჩუქარს”, რომელსაც ღმერთი გვაძლევს. პირიქით, ეს ენერგიები თვით ღმერთია თავისი მოქმედებითა და თვითგამოვლენით. როდესაც ადამიანმა იცის ან მონაწილეობს საღვთო ენერგიებში, მან ჭეშმარიტად იცის ანუ მონაწილეობს თვით ღმერთში, რამდენადაც ეს ქმნილებისთვისაა შესაძლებელი. მაგრამ ღმერთი ღმერთია და ჩვენ ვართ ადამიანები და ამიტომ არ შეგვიძლია ისევე ვფლობდეთ მას, როგორც ის გვფლობს ჩვენ.

არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ,,ენერგიები” რაღაც ,,ნივთიერია”, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, ასეთივე შეცდომა იქნებოდა ამ ენერგიების ღვთის ,,ნაწილად” მიჩნევა. ღმერთი არის მარტივი და დაუნაწევრებელი და არა აქვს ნაწილები. არსი აღნიშნავს მთლიან ღმერთს, როგორიც თითონ არის; ენერგიები აღნიშნავს მთლიან ღმერთს, როგორიც მოქმედებაშია. ღმერთი თავისი მთლიანობით სრულიად არის წარმოდგენილი მის ენერგიებში. ამგვარად, არსისა და ენერგიების განსხვავება საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ მთლიანი ღმერთი მიუწვდომელია და ამავდროულად მთლიანმა ღმერთმა სიყვარულის გამო თავისი თავი ადამიანისათვის მისაწვდომი გახადა.

ღვთიურ არსსა და ღვთიურ ენერგიებს შორის ასეთი განსხვავების საფუძველზე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შესაძლებელია, ღმერთსა და კაცს შორის პირდაპირი მისტიკური ერთობა, რასაც ბერძენი მამები ადამიანის theosis-ს, მის ,,განღმრთობას” უწოდებენ. მაგრამ ამავე დროს გამოვრიცხავთ ამ ორს შორის რაიმე პანთეისტურ გაიგივებას, რადგან ადამიანი მონაწილეობს ღვთის ენერგიებში და არა არსში, მათ შორის არის ერთობა, მაგრამ არა შერევა ან აღრევა. თუმცა ღვთიურთან ,,გაერთიანებული” ადამიანი მაინც ადამიანად რჩება, ის ამ დროს კი არ შთაინთქმება ან ქრება, არამედ მასა და ღმერთს შორის მუდმივად არსებობს ,,მე-შენ” ურთიერთობა, როგორც პიროვნებისა პიროვნებასთან.

ასეთია ჩვენი ღმერთი: შეუცნობადი თავისი არსით და ამავე დროს შეცნობადი თავისი ენერგიებით; ის ყველაფერ იმის მიღმა და მაღლაა, რაც შეგვიძლია ვიფიქროთ და გამოვხატოთ მის შესახებ და მაინც, უფრო ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე ჩვენი საკუთარი გული. აპოფატიკური გზით ნამსხვრევებად ვაქცევთ ყველა კერპს ანუ გონებრივ წარმოდგენებს, რასაც მის შესახებ ვაყალიბებთ, რადგან ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ არის ღირსი მისი აღმატებული დიდებულებისა. ამავე დროს ჩვენი ლოცვითა და აქტიური ამქვეყნიური მსახურებით ყოველ წუთში აღმოვაჩენთ მის საღვთო ენერგიებს, მის უშუალო მყოფობას ყოველ პიროვნებაში და ყველაფერში, რაც ჩვენს ირგვლივაა. ყოველდღიურად, ყოველ საათში ვეხებით მას. როგორც ფრანსის ტომპსონმა თქვა: ჩვენ ,,არა ვართ უცხო მიწაზე”. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ,,ჩინებული და საუცხოოა”:

ო, უხილავო სამყაროვ, ჩვენ გხედავთ შენ,

ო, მიუწვდომელო სამყაროვ, ჩვენ გეხებით შენ,

ო, შეუცნობადო სამყაროვ, ჩვენ გიცნობთ შენ

მოუხელთებელო, ჩვენ მოგიხელთებთ შენ.

იოანე სკოტ ერიუგენას სიტყვებით, ,,ყოველი ხილული თუ უხილავი ქმნილება ღვთის განცხადებაა”. <span class=" fbUnderline">,,ქრისტიანია ის, ვინც საითაც არ უნდა იხედებოდეს, ყველგან ღმერთს ხედავს და მისით ხარობს”.</span>

19.05.2024 10:34 |  | დაამატა: likapkhakadze  | მოინახულეს: 1040-ჯერ

 

კომენტარები ↓