გურამ გიორგაძის პროზა
როცა გაქრება სიყვარული
-მოკვდება?
-არა,იცოცხლებს
-მაინც რამდენ ხანს?
-სანამ მოკვდება
-და რომ მოკვდება რას დატოვებს ამ ქვეყანაზე?
-კეთილ საქმეებს
-კეთილი საქმე რა არის?
-არ ვიცი,ალბათ უკვდავება
-და ის გახდება უკვდავი?
-კი
-კიდევ რას დატოვებს სიკვდილის მერე?
-შთამომავლობას
-ანუ ის კვლავ იარსებებს დედამიწაზე?
-კი,სანამ მისი შთამომავლობა არ შეწყვეტს გამრავლებას
-ესე იგი ადამიანს უკვდავყოფს კეთილი საქმეები იმ ქვეყანაზე და შთამომავლობა ამ ქვეყანაზე
-ნამდვილად
-და თუ დაივიწყეს თავიანთი წინაპარი?
-დაიღუპებიან
-რატომ?
-აერევათ გზა-კვალი,გაითქვიფებიან სხვა ტომებში და დაკარგავენ იმ თვისებებს,რომლებმაც ისინი ერად და ხალხად ჩამოაყალიბა.დაივიწყებენ ისტორიას და დაივიწყებენ სამშობლოს.რადგან იგია მამულიშვილობის,ვაჟკაცობის,თავგანწირვის ურიცხვი მაგალითი.რადგან იგია რაც უნდა დაიცვან,შეინახონ და თუ არ იცი რა დაიცვა ,რატომ და როგორ ადვილად დაკარგავ და გაანიავებ მას.მერე დრო გაგანიავებს შენ.
-რა არის დრო?
-დაბადებიდან სიკვდილამდე
-არსებობს ქვეყნად სიცარიელე?
-არა,ღმერთია ყველგან
-შენ თუ იცი რას გრძნობს მომაკვდავი სიკვდილის დროს?
-გაუცხოებას
-რასთან?
-საკუთარ სხეულთან.მერე ეუფლება აუტანელი შიში,შიში უკან მოხედვისა,განვლილი ცხოვრებისა.მაგრამ თვალწინ ეშლება ყველაფერი ის რაც დაბადებიდან უკეთებია,ხედავს საკუთარ თავს,სრულიად შიშველ სულს,აღარაფერი იმალება,ყველაფერი ნათელია.
-სად არის სიკვდილი?
-ყველგან,შენთან ერთად იძინებს და შენთან ერთად იღვიძებს,ჭამს,იცვამს,გადადის გზაზე,ჯდება ტრანსპორტში,იცინის და ტირის.ერთი წამით არ გტოვებს შენ,თავის დროს ელოდება,რომ ჩაგეხუტოს,ბნელი მკლავები შემოგახვიოს და თავისთან წაგიყვანოს.
-სად ცხოვრობს სიკვდილი?
-მარადისობის კიდესთან,დროის დასასრულში
-ეგოისტია სიკვდილი?
-კი,სულ უნდა რომ მასზე ფიქრობდე,მისი გეშინოდეს.
-მაგრამ ადამიანს ეშინია მისი?
-არა,რა სისულელეა,სიცოცხლის ჯერა რომ არასოდეს მიატოვებს
-სიკვდილი ხომ გარდუვალია?
-კი,ყველა მოკვდება,როდესაც თავის სავალ გზას გაივლის,თავის დასაფოცხს დაფოცხავს
-როგორ უნდა ვიცხოვროთ სანამ ცოცხლები ვართ?
-ღმერთის და მოყვასის სიყვარულში,როგორც ქრისტემ გვასწავლა
-რა არის სიყვარული?
-ის რაც დედამიწას აბრუნებს.როცა გაქრება სიყვარული,დედამიწაც გაჩერდება
-ესე იგი ადამიანებს ჯერ ისევ უყვართ ერთმანეთი და ღმერთი?
-ჯერ ისევ უყვართ...როცა გაქრება სიყვარული,გაჩერდება დედამიწაც.
მე ვარ საქართველო დაცემული და მე ვარ საქართველო აღმდგარი
ყვითელმა მზემ დედამიწაზე გაბნეული სხივები დაიკაპიწა და დღის დაღმართს დაუყვა.დაღამდა,მთვარე შემოიპარა ცაზე.მიმქრალმა ვარსკვლავებმა ღამე გაშალეს და მთვარე შიგ შუაგულში დასვეს....
მთელს სოფელს ეძინა უდარდელი ბავშვივით,მხოლოდ ერთი მოხუცი ეზიდებოდა ღამის სიმძიმეს და გამეტებული თავგადადებით ცდილობდა ფეხზე დაეყენებინა მიწოლილი ღობე.ადრე აქ გალავანი იყო,მაღალი,შეუვალი ლოდებისაგან აგებული,რომელიც მისმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ გამართეს და თავდაცვის ზღუდედ შემოავლეს ნოყიერ და ნაყოფიერ მიწას და ამ მიწას ოდითგანვე საქართველო ქვია.ბევრი ოფლით და სისხლით გაჟღინთეს ეს მიწა მისმა ძველმა პატრონებმა,მოუარეს,შეინახეს და თავიანთი ძვლებიც შესანახად მას მიანდეს.ბევრი სალოცავი გააშენეს და რწმენაც გულში აიშინეს.ღმერთს მიენდნენ და უფალმაც თავის სისხლად და ხორცად აქცია ქვეყანა,გაამრავლა ვენახები და მიწიდან ამოზიდა პურის ყანები.ამ ღამეს კი ეს მიწა იყო მიტოვებული და გალავანი ღობედ გადაქცეული,რომლის შეკეთებასაც მარტო მოხუცი ამაოდ ცდილობდა.ერთს წამოაყენებდა,მეორე კი იქცეოდა.მგლებიც შეცვენილიყვნენ შიგ,ლამაზი ადგილები მიეტაცათ,ცხვრის ფარები დაერბიათ და გამძღარნი ღორებივით მიყრილიყვნენ.
ამასობაში ღამემ უფრო დაიღამა,სამყაროს ჩამოადნა მუქი წვეთებით.დაღლა შეეპარა მოხუცის ბებერ კუნთებს და მუხლებმაც თავიანთი ასაკის თადარიგი დაიჭირეს.დაიღალა ადამიანი,თუმცა ეს დაღლა არ იყო მარტო ფიზიკური უსუსურობიდან გამომდინარე,ეს იყო დაღლა მთელი არსების,უიმედობით და მარტოობით გამოწვეული.ბერიკაცის სახეზე ოფლი მოურიდებლად დათარეშობდა და ახლად პირდაბანილის იმიტაციას ქმნიდა.ტირილი უნდოდა,მაგრამ ცრემლი გუგებშივე ეყინებოდა და ეს გაყინული ცრემლი უფრო მეტ ძალას მატებდა.ცდილობდა ფიქრებით გაერთო თავი.ფიქრები ხომ ერთადერთია,რომლებიც არასოდეს ტოვებენ ადამიანს,ყველგან დასდევენ ერთგული ძაღლებივით და ადამიანიც კვებავს მათ ხან მოგონებებით,ხან ოცნებებით,ხანაც იმედებით.გაახსენდა მოხუცს თავისი ბავშვობა,ლაღი,მხიარული,ჯერ ისევ ფეხაუდგმელი დრო.გაახსენდა დედა,მამა,ბებია,ბაბუა,ყველა,ყველა გაახსენდა ვისი გახსენებაც კი შეიძლებოდა."ეჰ,ფიქრობდა მოხუცი-ნეტავ იმ დროს,ჩემო სამშობლო პირმომღიმარე ბავშვივით რომ იყავი,გყავდა ძლიერი მშობლები,სანდო მზრუნველები.დღეს რაღა ხარ:დაცემული და ჩამოკბეჩილი,მიტოვებული და დათრგუნული.შენი ზღვა სხვის უბეში მღელვარებს,შენი მთა სხვის კალთაში იზრდება,შენი ღმერთის სავანეები ულოცველად იღვიძებენ.დაპატარავდი ჩემო ქვეყანავ,წელში მოიხარე ჩემსავით და თავჩაღუნული მიყვები დროის ბადრაგს.ეეეჰ,გვიშველე ღმერთო გვიშველე."
მოხუცს მძიმე ფიქრებში ფიქრი გამოეპასუხა:
"მე ვარ საქართველო დაცემული და მე ვარ საქართველო აღმდგარი
მე ვარ საქართველო ნაწილ-ნაწილ და მე ვარ საქართველო მთლიანი
მე ვარ საქართველო ჩამოკბეჩილი და მე ვარ საქართველო შვილნაკლული
მე ვარ საქართველო ლაჩრებისა და მე ვარ საქართველო ვაჟკაცების
მე ვარ საქართველო დაუდ-ხანის და მე ვარ საქართველო აღმაშენებელის
მე ვარ საქართველო ყორღანაშვილის და მე ვარ საქართველო დადიანის
მე ვარ საქართველო ზოგჯერ იუდა და მე ვარ საქართველო ქრისტესთვის ჯვარცმული
მე ვარ საქართველო ზნედაცემული და მე ვარ საქართველო სრულყოფილი
მე ვარ საქართველო ომიანი,სისხლიანი და მე ვარ საქართველო მშვიდობიანი
მე ვარ საქართველო მტერთმოძულე და მე ვარ საქართველო სტუმართმოყვარე
მე ვარ საქართველო სამი დროის და მე ვარ საქართველო მარადისობის
მე ვარ საქართველო მძინარე და მე ვარ საქართველო გაღვიძებული
მე ვარ საქართველო მომავლის და მე ვარ საქართველო გადარჩენილი
მე ვარ საქართველო წმინდა ნინოსი და მე ვარ საქართველო გაბრწყინებული
მე ვარ საქართველო ღვთისმშობელის და მე ვარ საქართველო კურთხეული
მე ვარ საქართველო განძი დამარხული და თქვენ ხართ ქართველები ჩემი პატრონები,დამიცავით,დამიფარეთ და შემინახეთ."-ესე გათავდა ფიქრები.
გათენებას მამლის ყივილიღა უკლდა,როცა მღვიძარების მეტოქემ სძლია ბერიკაცის გაუტეხლობას და დამარცხებული მოჭიდავესავით დააწვინა მიწაზე.
თენდებოდა...უხილავი მხატვრის ფუნჯით ფერადდებოდა ქვეყანა.შავი ცა შეციებულივით ლურჯდებოდა და თანდათან ღიავდებოდა.მზის პირველ სხივებს ანუ განთიადის მაყრიონს ჩიტები განმაცხოველებელი ჭიკჭიკით ეგებებოდნენ.მწვანე ბალახი მიწაზე ნამიან ცრემლებს აფრქვევდა და ამით საკუთარ თავს ირწყავდა.მზე უფრო და უფრო ღვინდებოდა და როგორც ცარიელი ფიალა ღვინით ისე ივსებოდა ცა მზის სრულყოფილებით.იბადებოდა ქვეყანაზე ახალი დილა,ახალი სიცოცხლე...
მოულოდნელად სოფლის მხრიდან მომავალი უამრავი ადამიანის ხმა მოისმა,ჟრიამულით,სიმღერებით,ლაღი სიცილით მოემართებოდნენ მოხუცის დასახმარებლად,დიდიც და პატარაც,მთელი სოფელი ამ დილაადრიან ღობის შესაკეთებლად მოდიოდა.ხმაურმა გამოაღვიძა ბერიკაცი და რომ დაინახა ერთად შეკრული და აღმდგარი მთელი სოფელი გულმა ქარბორბალასავით სწრაფად და ძლიერად დაატრიალა სისხლი და აქამდე გაყინული ცრემლები გეიზერივით გადმოდინდა თვალებიდან.
ახალგაზრდა ყმაწვილი რომელიც ამ ერთსულოვნებას მეთაურობდა,მიუახლოვდა მოხუცს და მიესალმა:
-გამარჯობა პაპა
-გაგიმარჯოს შვილო
-როგორ მიდის საქმეები?გამოდის რამე?
-რავიცი ვწვალობ შვილო,მარტო ძნელია.თქვენ ჩემს მოსახმარებლად მოხვედით?
-რა თქმა უნდა,განა დრო აღარ არის პაპა?-უპასუხა ყმაწვილმა,სამუშაო იარაღები აიღო და მთელს გუნდთან ერთად ღობის შეკეთებას შეუდგა.მოკლე დროში წამოაყენეს ღობე,ძველი შენობები გაამაგრეს,ახლები ააშენეს.დარგეს ახალი ნერგები,დათესეს პურის ყანები,გაამწვანეს და გაახარეს მიწა.როდესაც დაასრულეს საქმიანობა,გაახსენდათ მოხუცი,დაუწყეს ძებნა,მაგრამ ვერსად იპოვეს.მოხუცი სიზმარივით გამქრალიყო.