†მართლმადიდებლური საიტი† - გურამ გიორგაძის ლექსები
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


გურამ გიორგაძის ლექსები




გურამ გიორგაძის ლექსები



***


ჯერ ისევ წვალობს,ჯერ ისევ ფიქრობს
და როგორც სხვები,ისიც იურჩებს,
დედამიწისგან ცა არის თითქოს,
ამოხეთქილი სევდის სილურჯე.

გადაივლიან მხრებზე ტვირთივით-
სისხლი და ოფლი,ცეცხლი და დენთი
და გამოფიტულ სხეულს შერჩება
შუბლზე ნაოჭი და გულში ღმერთი.




დგახარ

დგახარ და ითვლი ჭაღარა ფიქრებს
ირგვლივ ღამეა გადაწოლილი,
რა შეამოკლებს ნეტავ ამ სივრცეს
ქვეყანას რომ აქვს თანდაყოლილი.

დგახარ და ცრემლი მოდის თავისით
გონება ხაზავს წარსულ ფრაგმენტებს,
ომია ყველგან და თოფს გაისვრის
რომ ძალადობას ისიც აღმერთებს.

დგახარ და ქარში უყურებ ცეკვას
შიშველი ქალის მწიფე სხეულის,
ფიქრობ აჯობებს ტანზე რომ ეცვას
თუმცა სიშიშვლე გიჯობს წყეული.

დგახარ და მუხლებს აპარებ კანკალს
დაღლა გეტყობა შეუმჩნეველი,
დრო კი სიცოცხლეს ურტყამს ღრმა ნაფაზს
კაცობრიობას შეუღლებული.

ჩვენი ცხოვრება და ჩვენი გზები
მკვირცხლი ცხენების სადავეს ჰგვანან,
ხან აწყვეტილებს კბილებით ვწვდებით
ხანაც მაჯაზე გამობმულს ვკარგავთ.




***

მიფეთქავ გულში დაბადებიდან
თვალუხილავი განცდების წყაროვ,
ამაღლებულო ჰაერივით და
დაუღალავო პატარა მგზავრო.

საიდან,რითი დავიწყო ათვლა
წლების,თვეების,დღეების,ფიქრის...
ბედნიერი ვარ უზომოდ ახლა
ჩემი ქვეყანა ღმერთისკენ მიდის.





20.06.2018 00:56 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 1620-ჯერ

 

კომენტარები ↓