†მართლმადიდებლური საიტი† - უცხო ენის სწავლის 10 წესი
"განა არის ამ ქვეყანაზე რაიმე ისეთი, რომ უფლის დაკარგვად ღირდეს?! განა არის რაიმე ისეთი, რომ ღირდეს მარადიული სიხარულის დაკარგვად?!" - მამა თეოდორე გიგნაძე


უცხო ენის სწავლის 10 წესი


1. არ უნდა დაიზარო სწავლა. ენა ისწავლება ინტენსივობით. დღეში რომ სულ 10 სიტყვა დაიზეპირო, 3 თვეში 1000-მდესიტყვაა!
2. ენის სწავლა უნდა დაიწყო გრამატიკის გაცნობით, რომ იცოდე რა ენასთან გაქვს საქმე.
3. ყველა ადამის შვილი ვართ – ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ორი ენა, რაიმე გრამატიკული საერთო რომ არ ჰქონდეს. ამიტომ ამოირჩიე ის ნაწილი, რაც ქართულს ან შენთვის ნაცნობ ენას ჰგავს და დაიწყე იქიდან.
4. ნუ შეგაშინებს უცხო ენის უცნაურობები. ყველა დაძლევადია.
5. ყველა ენას აქვს სპეციფიური გამოთქმა და ინტონაცია. თვით ისეთი საყოველთაო თანხმოვნებიც კი, როგორებიცაა ტ, პ, კ, ჟ, რ... ყველა ენაზე ოდნავ სახეცვლილად გამოითქმის. ამიტომ უსმინე ამ ენაზე რამე აუდიო ფაილებს, რომ გამოთქმა დახვეწო.
6. ეცადე ლამის იაზროვნო ამ ენაზე – როდესაც რამე შეგხვდება ქუჩაში: წარწერა, ბანერი, წინადადება, ეცადე, რომ თარგმნო ამ ენაზე. არა უშავს, თუ არასწორად ამბობ რამეს, შენ მეტმა ხომ არავინ იცის. დრო მოვა და გამოასწორებ
7. ეცადე, ენასთან ცოცხალი კონტაქტი იქონიო. ინტერნეტი საშუალებას მოგცემს და იკითხე ბევრი იმ ენაზე, თუნდაც არაფერი გესმოდეს. ასე ენას მიაჩვევ თვალს.
8. საკმაო ნასწავლი რომ გექნება, გადადი სიმღერების მოსმენაზე. პარალელურად აუცილებლად უყურე ტექსტს. ეს ენის თავისებურებებს მიგაჩვევს.
9. გადადი შენი პროფესიის ტერმინოლოგიაზე. ადამიანმა მშობლიურ ენაზეც კი ასეულობით სიტყვა არ იცის, რომელიც სხვა პროფესიის ტერმინთა ნაწილია. შენთვის შენი პროფესიის შესახებ ტექსტების გაგებაც საკმარისი იქნება.
10. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურად შექსპირს იგებდე, რუსულად ლერმონტოვს, სპარსულად ფირდოუსს და ესპანურად სერვანტესს. შენ ენა კომუნიკაციისათვის გჭირდება და არა ნობელის პრემიის მისაღებად.

თუკი რომელიმე უცხო ენაზე შეგიძლია საშუალო დონეზე საუბარი, იგებ შენი პროფესიის ტექსტებს და თავადაც შეგიძლია შეადგინო რთული წინადადებები, მიღებული პრაქტიკის თანახმად, უკვე ეს ენა იცი.

© დ. ჩიკვაიძე, 2010.

29.04.2024 15:01 |  | დაამატა: admini  | მოინახულეს: 1941-ჯერ

 

კომენტარები ↓